თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ქალაქ ცინდაოს ცენტრალური მუნიციპალური საავადმყოფოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და ცინდაოს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოში გამართული შეხვედრის შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლები და ქალაქ ცინდაოს დელეგაციის წევრები ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკებს ეწვივნენ, სადაც სტუმრებს აღნიშნული კლინიკების დამფუძნებელმა, ელგუჯა გოცირიძემ უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობით, ღუდუშაურის კლინიკასა და ცინდაოს ცენტრალურ მუნიციპალურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა დღემდე გრძელდება და ახლა ის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში კიდევ უფრო განვითარდება.