თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ 2023-2024 საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დეპუტატმა აღნიშნა, 2023 წლის 7 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ნოემბრამდე ჩატარდა ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის 24 სხდომა, რომელზეც განიხილეს კომისიის კომპეტენციაში შემავალი სხვადასხვა საკითხები (საერთო ჯამში 334 საკითხი). ყურადღება გამახვილდა 2024 წლის ბიუჯეტზე. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 1 763 354,7 ათას ლარს, წლის განმავლობაში ბიუჯეტი გაიზარდა 295 000,9 ათასი ლარით და დღეისათვის შეადგენს 2 058 355,6 ათას ლარს.
ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებზე. კაპიტალურად შეკეთდა აკაკი წერეთლის გამზირი, წყნეთის გზატკეცილი, უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი გზა. დაფარულია 160 ერთეული 18 მეტრიანი M3 კატეგორიის ავტობუსის შესაძენად, 2023 წლის 15 ივნისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და შპს „თეგეტა მოტორს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ნაწილი და 2024 წლის 16 მაისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და შპს „თეგეტა მოტორსს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით 40 ერთეული CNG-ის ძრავაზე მომუშავე 18 მეტრიანი M3 კატეგორიის ავტობუსის შეძენაზე, ხელშეკრულებით ნაკისრი საავანსო ვალდებულება.
თბილისის მასშტაბით განხორციელდა ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები დაახლოებით 30 ობიექტზე. ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში, გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლების ფარგლებში სამშენებლო და პროექტის ზედამხედველობის სამუშაოები მიმდინარეობს - 4 ობიექტზე, ამასთან, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები 18 ობიექტზე.
მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მე-4 უჯრედის მშენებლობა.
გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა სხვადასხვა მისამართზე. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე არსებული სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
გაიხსნა ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. თბილისის 12 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას ჩაუტარდა სრული განახლების სამუშაოები.
ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ხელაძემ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებზე ისაუბრა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაახლოებით 173 ოჯახს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ უძრავი ქონებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ შესაბამისი ქონება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კოოპერატიული და დაუსრულებელი ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებები. 2024 წელს დაიწყო 6 ახალი სამშენებლო პროექტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით.
ნაძალადევის მაჟორიტარმა სამაჟორიტარო ოლქში გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა. საკრებულოს მაჟორიტარის წარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწია მოქალაქეებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს, საანგარიშო პერიოდში განხილული იქნა 600-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკის პრობლემა. ირაკლი ხელაძის განცხადებით, სამაჟორიტარო ბიურო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთან და ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან. ამასთან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით არაერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ირაკლი ხელაძის წლიური ანგარიშის წარდგენას ნაძალადევის რაიონის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.