დღეს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, კომისიის წევრებთან, აპარატის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ა(ა)იპ ,,ქ.თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის” სამგორის ფილიალის შენობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
კომისიის წევრებს სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამომავლო ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია ირაკლი გვილავამ მიაწოდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დასრულდა როგორც შენობის, ასევე ეზოს რეაბილიტაცია, თუმცა, გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზებიც, რომლებიც კონტრაქტორთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მალე აღმოიფხვრება.
,,ამ დროისთვის შენობის იმ ნაწილში, სადაც არ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო’’,-აღნიშნა ირაკლი გვილავამ.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ აღნიშნა, კომისია მშენებარე სპორტული ობიექტების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
მისივე ინფორმაციით, ობიექტს სრული სარეაბილიტაციო-სარემონტო, მათ შორის გამაგრებით სამუშაოები ჩაუტარდა.
,,ამასთანავე, შენობაში აღდგა თეატრის დარბაზი, შეიქმნა ციფრული ლაბორატორია და მედიათეკა, სტუმრებისთვის მოეწყო მისაღები ოთახები და შენობას ახალგაზრდების შეკრების მიზნით, სხვადასხვა სივრცე დაემატა. ასევე გალამაზდა ეზოს იერ-სახე, გაკეთდა მცირე ზომის სტადიონი და შეიცვალა ავეჯი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამოიყო სპეციალური ადგილები როგორც არაფორმალური სწავლებისთვის, აგრეთვე, სპორტული და სახელოვნებო აქტივობებისთვისაც’’, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ და აღნიშნა, რომ მალე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის შენობა სრულად დაიტვირთება და 1000-მდე ბავშვს მოემსახურება.