13-14 ივლისს, ბორჯომში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზარნაძემ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგზე სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული კანონმდებლობის და პრევენციის მექანიზმების შესახებ იმსჯელეს. ტრენინგს იურისტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონსულტანტი გიორგი ხატიაშვილი უძღვებოდა. გიორგი ხატიაშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე და რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი 2024 წლის თებერვალში მიიღო, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
19 საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უკვე დამტკიცებულია. აღნიშნულ უწყებებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საჯარო სამსახურის ბიურო, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმი ითვალისწინებს პრევენციის ღონისძიებებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული სპეციალისტი/მრჩეველი ახორციელებს. მექანიზმი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების თავიდან აცილებას და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლების ინფორმირებულობას.