თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს, რომელიც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან მიქავამ წარადგინეს.
პროექტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით გაზრდილია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები დაფინანსდება 2 709,5 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 926,0 ათასი ლარით მეტია.
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროცედურის შესაბამისად განიხილეს, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.