თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ, საზოგადოებას 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, მათ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს სხდომებში, კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედაქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ კომისიების მუშაობის ფარგლებში, საკრებულოს წევრებმა განიხილეს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ფუნქციური ზონის 372 ცვლილება. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების მიზნით დამტკიცებული იქნა 56 პროექტი, ხოლო დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერისთვის გაიცა 15 პროექტი.
ზურაბ აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა აგრეთვე სამაჟორიტარო ოლქში მუშაობის შესახებ. კერძოდ, მოქალაქეების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მოქალაქეების საჭიროებების გაცნობისა და დედაქალაქისთვის პრიორიტეტულ თემებზე რეაგირების მიზნით მოქალაქეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. მან განსაკუთრებით გამოყო 211-ე საჯარო სკოლა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.
გიორგი ახვლედიანმა და ზურაბ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას, საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
ყურადღება ასევე გამახვილდა სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ კონგრესზე, რომელშიც საკრებულოს წევრები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების საკითხი.