ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭომ (CEMR) კომიტეტის პირველი სხდომა გამართა, რომელშიც ქართული მხრიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო რუხაძე, ასევე PLATFORMA-ის ახლადარჩეული სპიკერი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან აბაშიძე იყვნენ ჩართულნი.
ბრიუსელში გამართულ ფართომასშტაბიან შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემას ეკონომიკური ინტერესებისა და ევროპული ღირებულებების დაბალანსების მექანიზმების შემუშავება წარმოადგენდა, ნინო რუხაძე სიტყვით გამოვიდა.
„ვფიქრობ, გარდა ღირებულებებისა, ევროპული ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილია შესაძლებლობები. მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც ევროპა განიხილება როგორც შესაძლებლობების ადგილი.
ევროპამ ხელი უნდა შეუწყოს შესაძლებლობების შექმნას მთელ მსოფლიოში და არ არსებობს უკეთესი ადგილი ამ შესაძლებლობების შესაქმნელად, ვიდრე ადგილობრივი ტერიტორიები, არ არსებობს უკეთესი აგენტები ამ შესაძლებლობებით სარგებლობისთვის, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება და არ არსებობს უფრო ეფექტიანი მექანიზმი განხორციელებისთვის, ვიდრე დეცენტრალიზებული თანამშრომლობა. ვფიქრობ, გონივრული იქნებოდა, ევროკავშირის მხრიდან დეცენტრალიზებული თანამშრომლობა უფრო მეტად ინტეგრირებული იყოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში და არსებითი ინვესტიცია განხორციელდეს ამ სფეროში“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ლევან აბაშიძემაც მიმართა. ქართველმა დელეგატმა მათ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიც გააცნო და კოლეგებს ის მიღწევები გაუზიარა, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით უმოკლეს დროში განახორციელა.
„ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ გაფართოების პოლიტიკა აღმოსავლური ტრიოს მიმართ არ შეიცვლება. გარდა ამისა, ეს პროცესი ბევრად უფრო ინტენსიური გახდება და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლობა, ისევე როგორც მათი ჩართულობა ამ პროცესში, გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი დაფინანსება სჭირდებათ თავიანთი მიზნების მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთის ტრიოს შემთხვევაში ამოქმედდება წინასწარი გაწევრიანების ინსტრუმენტი, რაც აქამდე არ მომხდარა“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მანვე ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართულ ინსტიტუციებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლური ტრიოს მიმართ აღნიშნული პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
როგორც პოლიტიკის კომიტეტის ორდღიან სხდომაზე აღინიშნა, ღონისძიება წარმოადგენს CEMR-ის აუცილებელ პლატფორმას, რათა გაუმკლავდეს მიმდინარე ადგილობრივ გამოწვევებს და განსაზღვროს მომავალი პრიორიტეტები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ეფექტიანი წვლილის შეტანას ევროპულ დღის წესრიგში.