თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1,438,775.2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ პროექტთან შედარებით 133, 357.0 ათასი ლარითაა გაზრდილი.
დღესვე სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, გაიოზ თალაკვაძის თქმით, მისი დაფინანსება 25,294,8 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და შენიშვნების გათვალისწინებით, საკითხს მხარი დაუჭირეს.