თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა და სათათბიროს წევრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი საკითხი, მოქალაქეთა უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თავდაპირველად, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იქნა განხილული და დადებითად შეფასებული.
კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის დარქმევის ინიციატივა უალტერნატივოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის სახელი, თავისთავად, ქვეყნის ერთიანობასა და ძლევამოსილებასთან, ასევე ევროპულ რენესანსსა და ჰუმანურ საწყისებთან ასოცირდება.
,,სხვა წარმოდგენილი კანდიდატურების ქვეყნის წინაშე დამსახურების მიუხედავად მიმაჩნია, რომ შოთა რუსთაველი უალტერნატივოა.
მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ჩამოსული სტუმრები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე გაეცნონ ქართულ ფასეულობებს და ვფიქრობ, რომ დიდი ქართველი პოეტის სახელის აეროპორტისთვის დარქმევა, მისი ნაშრომის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემაც.
ლია ჯახველაძემ წარმოდგენილ სავარაუდო კანდიდატურებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიის სხდომაზე მსჯელობისა და განხილვის შემდეგ, დეპუტატები საბოლოოდ შოთა რუსთაველის კანდიდატურაზე შეჯერდნენ.
,,ვფიქრობ, იმ ფონზე, როცა ქუთაისის აეროპორტს დავით აღმაშენებლის, ხოლო მესტიისას თამარ მეფის სახელი ჰქვია, ჩვენ დედაქალაქის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭება, ყველა დანარჩენი პრიორიტეტის გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილია’’,-განაცხადა ლია ჯახველაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჯელობა საკრებულოში დიდი ხანია დაწყებულია.
მისივე ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის საზოგადოებრივი სათათბირო, რომელიც ქალაქის თვალსაჩინო წარმომადგენლებისგან შედგება, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობას დღესაც გააგრძელებს და რის შემდეგაც საკითხს დეპუტატები უკვე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
მაისი 23,2024გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024ქეთევან დედოფლის გამზირზე ნუმერაცია და სამისამართე აბრების მონტაჟი განხორციელდება
თებერვალი 18,2022