თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე ავლაბარში მდებარე დოესის ქუჩისთვის პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ამავე კომისიის წევრი ჯაბა სამუშია, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
არსებული ინიციატივის თანახმად, იუზეფ პილსუდსკის სახელი პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელობის ქუჩის კვეთაზე მდებარე ქუჩას შესაბამისი განხილვების შემდეგ დაექმევა.
ლია ჯახველაძის განცხადებით, საკითხს დეპუტატები, პირველ ეტაპზე, შესაბამის კომისიაზე, მოგვიანებით კი, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა მოწვეულ სტუმრებს ქართველი თეოლოგის, ისტორიკოსისა და არქიმანდრიტის, პროფესორ გრიგოლ ფერაძის ღვაწლის დაფასებისა და ვარშავაში ქართული დღეების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, 2015 წლის 13 სექტემბერს თბილისში გრიგოლ ფერაძის იუბილე აღინიშნება, რომელზეც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, წიგნის "ქართველები პოლონეთში" პრეზენტაცია მოეწყობა.
"ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი კოლეგები მხარს დაუჭერენ ავლაბარში მდებარე დოესის ქუჩისთვის პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭებას“,- განაცხადა ლია ჯახველაძემ და აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქუჩის გახსნის პრეზენტაცია გრიგოლ ფერაძის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024