თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გოჩა ბაბუნაშვილმა, ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისს შემოერთებული სოფელ თხინვალას მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებმა დეტალურად დაათვალიერეს ყველა ის ტერიტორია სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლები, ასევე ის ადგილები სადაც მოხდება განაშენიანება .
ლია ჯახველაძის განცხადებით თხინვალას მოსახლეობას უკვე მრავალი წელია დამისამართების პრობლემა აწუხებს, რის გამოც ადგილობრივები ვერ იღებენ პირადობის მოწმობებს, უჭირთ სასწრაფო დახმარებით და სამაშველო სერვისებით სარგებლობა, მისივე თქმით პრობლემები იქმნება სხვადასხვა კერძო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებისას, ასევე დამისამართების პრობლემის გამო ვერ ხერხდება ბავშვების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დარეგისტრირება.
„უახლოეს პერიოდში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია თხინვალას დასახლებაში არსებული თვითოეული ქუჩის სიტუაციური ნახაზის მომზადებას მოახდენს და დაახლოებით ერთი თვის ვადაში სრულად მოხდება აღნიშნული დასახლების სახელდება-დამისამართება“-განაცხადა ლია ჯახველაძემ.