თბილისის საკრებულოს სხდომაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილება დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად, ბენეფიციარების რაოდენობა 145-ით იზრდება და კომპლექსური თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა 1375 ბენეფიციარს ექნება. ცვლილებების პროექტი საკრებულოს წევრებს ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო. როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ ქვეპროგრამაში ცვლილებები სწორედ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს დაამტკიცეს. მან თბილისის მერიას და კოლეგებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად ბინები საკუთრებაში გადაეცათ. საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ამ ცვლილებით, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 7 მილიონი ლარით იზრდება და თანხები მეწყერსაშიშ ზონებში მიმდინარე სამუშაოების დაფინანსებისთვის დაიხარჯება.
დღევანდელ სხდომაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობების განთავსება/მშენებლობის შესახებ საკრებულოს №28-99 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი დაამტკიცეს. ასევე, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც გარე რეკლამის და ჯიხურების საკითხებს მოიცავს.
საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ №39-18 დადგენილებაში ცვლილებები და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმები დაამტკიცეს.