თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გააცნო.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისა და შესახვევისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას დედაქალაქში, კერძოდ კი, ჩუღურეთის რიონში მდებარე ექვსი უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული ქალების სახელების დარქმევის თაობაზე.
მათივე გადაწყვეტილებით, თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩას, IV ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ სამ შესახვევს, ამავე რაიონში ირინა შტენბერგის ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს, ასევე გიორგი აბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მასთან არსებულ ერთ შესახვევთან ერთად, შესაბამისად, აკადემიკოს ელენე მეტრეველის, სავანესა და მხატვრის ირინა შტენბერგის სახელები დაერქმევა.
დღესვე სხდომაზე თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის ქუჩის V შესახვევისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის გენერალ-მაიორი რომან გვენცაძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და ასევე ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპიტნის ნუგზარ შანავას სახელის დარქმევას დაუჭირეს მხარი.
ახალი სახელწოდება მიენიჭება კრწანისის რაიონში, ცოლიკაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ ორ შესახვევს და მათ სახელმწიფო მოღვაწის ირაკლი ჟორდანიას სახელი დაერქმევა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები მოსახლეობასთან საჯარო განხილვის შემდეგ უკვე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023