თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში დიმიტრი ბაქრაძის II შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხის ინიცირება საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ მოხდა, ქუჩის შერჩევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გიორგი შენგელაიას ოჯახის წევრები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წელს ასი წელი სრულდება საქართველოს გასაბჭოებიდან. დღევანდელ საჯარო განხილვაზე, ხსენებულ თარიღთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო თბილისში შემორჩენილი ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე პიროვნების სახელობის ქუჩისთვის საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების სახელების მინიჭების ინიციატივები.
ისნის რაიონში, თეოფილე ჩოჩუას ქუჩას საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელი დაერქვა, ხოლო ნაძალადევის რაიონში, ექვთიმე სართანიას ქუჩას კი იუნკერის პლატონ დოლიძის სახელი მიენიჭა.
იუნკერის ალექსანდრე ახვლედიანის სახელი დაერქვა ისნის რაიონში მდებარე დავით კაჭარავას ქუჩას. დღესვე სხდომაზე შესაბამისი მსჯელობის შედეგად მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელის მინიჭებასაც.
საჯარო განხილვას ისტორიკოსები: ჯაბა სამუშია, ოთარ ჯანელიძე, მირიან ხოსიტაშვილი და ალექსანდრე დაუშვილი ესწრებოდნენ. ყველა წარმოდგენილი საკითხის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023