თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას, რომელსაც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს საჯარო განხილვაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისთვის მნიშვნელოვანია.
დღევანდელ განხილვაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო წარდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მომღერალ თემურ წიკლაურის სახელის მინიჭების საკითხი. კომისიის თავმჯდომარემ თემურ წიკლაურის შემოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მალე ყველასათვის საყვარელი მომღერლის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება და სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის უკვე იარსებებს თემურ წიკლაურის სახელობის გეოგრაფიული ობიექტი. საჯარო განხილვას თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ ხვალ, 22 იანვარს, თემურ წიკლაურის დაბადების დღეა და საკრებულოს გადაწყვეტილება ოჯახისთვის და თემურ წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის დიდი საჩუქარია. ქეთი წიკლაურმა საკრებულოს მადლობა გადაუხადა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეს მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელი მიენიჭება. როგორც აღინიშნა, სასახლე პრაქტიკაში ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს, თუმცა დოკუმენტურად ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით მოხდა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საჯარო განხილვაზე მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იუნკერის მაკარ ბურჭულაძის სახელი მიენიჭება. დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, ქართველი მეცნიერის და გენეტიკოსის, გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდის (ე.წ. დნმ-ის ტესტი) აღმომჩენის აპოლონ ჯინჭარაძის სახელი დაერქმევა. ვაკის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელი ეწოდება. ასევე, ვაკის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას კომპოზიტორ ავთანდილ შარვაძის სახელი მიენიჭება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე ჩიხისა და შესახვევის სახელდება მოხდება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023