თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ მოქალაქეებს 2016 წელს შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ესწრებოდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებაში მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ლია ჯახველაძემ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 25 და გარემოს დაცვის 20 სხდომის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს წევრმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საქმიანობას გაუსვა ხაზი და ქუჩებისა და სკვერების სახელდებასთან ერთად იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ქუჩებისთვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას გულისხმობს.
ლია ჯახველაძემ ასევე დეტალურად ისაუბრა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევ კონკურსზე. დეპუტატის განცხადებით, ახალი დიზაინის აბრები წლის ბოლომდე ასზე მეტ ქუჩაზე განთავსდება.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს რიგ უბნებში ქუჩათა შესაბამისი ქსელები მოეწყო და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის სრულყოფა მოხდა.
ლია ჯახველაძის ინფორმაციით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მოძრავი ავტობუსების რიგი უსახელო გაჩერებების სახელდების თაობაზე მიიღეს დადგენილება.
ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატმა კომისიის გასვლით სხდომებზე და დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობაზე, ასევე დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისა და სკვერების სახელდებაზეც გაამახვილა ყურადღება.
პრეზენტაციაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა დამსწრე საზოგადოებას სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაზე, ასევე რეაგირების მიზნით გაწეულ შუამდგომლობებსა და გადაწყვეტილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე ლია ჯახველაძემ სამგორის რაიონში მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანგარიშის პრეზენტაცია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
დასასრულს, საკრებულოს მაჟორიტარი წევრის, ლია ჯახველაძის საქმიანობა მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს წევრებმაც დადებითად შეაფასეს.