დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ქუჩებისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
კომისიამ განიხილა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის, ვენერა მეტრეველის, აზა ადამიას, მარინა ჭყონია-სამარგულიანის, ნანა სამარგულიანის, ზაირა კიკვიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის, მამუკა ნოზაძის და შალვა ქვასროლიაშვილის სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, 9 აპრილს დაღუპულ გმირებს საქართველოს უახლესი ისტორიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის როგორც ტკივილის, ასევე დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე. ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. დღეს, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ ადამიანების თავგანწირვის მაგალითი დღესაც აქტუალურია.
ჩვენთვის, საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული გმირების სახელების უკვდავყოფა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში 9 აპრილს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.
„9 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე 21-მა ადამიანმა შესწირა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ათ მათგანს ეხება. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წინა მოწვევის შემადგენლობას, რომელმაც დანერგა ეს პრაქტიკა. თბილისის ქუჩებს უკვე მიენიჭა 9 აპრილს დაღუპული თერთმეტი გმირის სახელი. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, თბილისში ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.
ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მუდმივად უნდა ჟღერდეს და გვახსოვდეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ,“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
კომისიის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც კომისიის წევრებმა, ასევე 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათივე საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელობის ქუჩების სახელდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის დედაქალაქის 11 ქუჩა მათ სახელებს ატარებს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვალების შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023