თბილისის საკრებულოში, 2021 წლის ბოლო, რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები დაამტკიცეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის შვიდი ქვეპროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ სოციალური დაცვის ქვეპროგრამებს „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამა ემატება, რომლითაც სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ვაუჩერის გამოყენება წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე, მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილებები დაამტკიცეს, რომელიც გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებში, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის ოდენობის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ამას გარდა, საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იზრდება თბილისის მერიის, რაიონული გამგეობების, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხებიც დაამტკიცეს და საკრებულოს ფრაქციებისთვის 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტი განსაზღვრეს.
აღნიშნული საკითხის დამტკიცების შემდეგ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, სხვადასხვა მისამართზე არსებული უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხები წარადგინა, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები დაამტკიცეს, რომელიც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე ქონების მართვის სააგენტოსა და სს „ოქსინოს“ შორის 2020 წლის 31 მარტს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი და რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.