თბილისის საკრებულოში 2022 წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
წლის შეჯამების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებები დაამტკიცეს. პროექტის თანახმად, მტკიცდება ქვემოთ ჩამოთვლილი თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები/ქვეპროგრამები: „დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, „ტრანსპლანტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში წარმოდგენილი ახალი პროექტით მშობელს უფლება ეძლევა თავად აირჩიოს სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად ან ბაზისური მომსახურება (სტანდარტიზებული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით).
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებას, ასევე რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს, მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დადგენილების პროექტს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენილებაში ცვლილებებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილება დაამტკიცეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და შპს „ალმას“შორის 2021 წლის 19 აგვისტოს დადებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებებში ცვლილები გააცნო საკრებულოს წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტიც მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.