თბილისის საკრებულოში 2020 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დაფუძნებას მხარი დაუჭირეს. საკითხი მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარადგინა. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისმა ,,წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი“ მოიპოვა. თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის, 23 აპრილიდან 2022 წლის, 22 აპრილამდე იქნება.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების საკითხი განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების დადგენილების პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის შვიდი ქვეპროგრამის : „დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, „ტრანსპლანტაციის“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების გაცემის წესის, მოქმედების ვადის, გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ასევე ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, მისი განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი წარუდგინა. წარმოდგენილი ცვლილებით, 2022 წლის პირველ იანვრამდე გადავადდა დადგენილების იმ ჩანაწერის ამოქმედება, რომლის თანახმადაც, „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის, ტაქსის მძღოლის ტრანსპორტში საჭე მარცხნივ მდებარეობს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს თბილისში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის და დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენების საკითხები გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და „დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
დღესვე, წლის ბოლო სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.