თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირების და რამდენიმე დღის წინ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა. განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, საკრებულოს ნებართვის მისაღებად, საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” გასაფორმებელი ხელშეკრულება გააცნო. პროექტი თბილისში გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS), მდგრადი სატრანსპორტო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ითვალისწინებს.
საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს N5-14 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ცვლილების თანახმად, საკრებულოს დადგენილებას „მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი ემატება. წესი 18-დან 21 წლამდე იმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების განხორციელების პირობებს განსაზღვრავს, რომლებმაც სრულწლოვანების მიღწევის გამო, თბილისში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლები დატოვეს, საჭიროებენ საცხოვრისს, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ. ქვეპროგრამის ფარგლებში, აღნიშნული მომსახურებების დაფინანსება არამატერიალიზებული ფორმით - ვაუჩერის მეშვეობით განხორციელდება, რომლის ღირებულება თვეში 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული დაფინანსების მიღება სრულწლოვანების მიღწევიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი როგორც სპორტული, ასევე სახელოვნებო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების საკითხი წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე კომპანიის მიმართ სამშენებლო ობიექტთან მიმართებაში დამატებითი/დაზუსტებული მხარდამჭერი ღონისძიების გამოყენების, ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე რამდენიმე ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხები წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილებები და „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” №17-46 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც დიდი დიღმის დასახლება, III და IV მიკრორაიონებს შორის რეგისტრირებული 19000 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „არომასთვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს. მანვე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა. მათ შორის თბილისის რამდენიმე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა.