თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა. განცხადებების დასრულების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა განიხილეს. ორივე კანდიდატი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. საკრებულოს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრებმა მერიის შესაბამის თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს კითხვები დაუსვეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. დღესვე, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრის ალექსანდრე რატიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 2 500,0 ათასი ლარით იზრდება და 1 394 733,5 ათას ლარს შეადგენს. გაიოზ თალაკვაძემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც გაზრდილი თანხები გადანაწილდება.
სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 და M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ წარადგინა. M3 კატეგორიის მარშრუტებს ემატება ერთეულები, რის გამოც ინტერვალები მცირდება. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდება 5 ახალი მარშრუტი.
საკრებულოს სხდომაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ახალი დადგენილების შემუშავება ითვალისწინებს, როგორც ტექნიკური ხარვეზების, ასევე შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხი რომელიც წესში ცალკე თავად გამოიყო, მწვანე ნარგავების გადარგვის ზოგადი მუხლების ჩამოყალიბებაა. აღნიშნული მუხლებით დარეგულირდება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ნარგავების გადარგვის საკითხს. წესში წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, რეგულაციები გამკაცრდება მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური/უკანონო ჭრის, მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მოვლა-აღდგენის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით.
გიგა გიგაშვილმა დედაქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა. ცვლილების მიხედვით, თბილისის წყალსაცავზე გამოიყო სამი სარტყელი, ხოლო მესამე სარტყელი ორ არეალად დაიყო. თბილისის წყალსაცავის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით თითოეული სარტყლისთვის მართვის სპეციალური რეჟიმი დადგინდა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს. მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წესისა და პირობების დამტკიცებას ითვალისწინებს. ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკითხიც წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს, ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები წარადგინა. ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩას, კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელი მიენიჭება. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის რამდენიმე ქუჩას 9 აპრილს დაღუპული გმირების: ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის, ვენერა მეტრეველის, აზა ადამიას, მარინა ჭყონია-სამარგულიანის, ნანა სამარგულიანის, ზაირა კიკვიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის, მამუკა ნოზაძის და შალვა ქვასროლიაშვილის სახელები მიენიჭება.