თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გაიხსნა. საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი მიმართვა წაიკითხეს, რის შემდეგაც, სხდომაზე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდნენ. დეპუტატებმა საკრებულოს წევრად დავით ფარცვანიას უფლებამოსილების ცნობას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირეს. დავით ფარცვანია წარმომადგენლობით ორგანოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სიით შევიდა.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის “თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება - ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების საკითხი განიხილეს, რომელიც სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა.
საგრანტო ხელშეკრულება თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის მხარდაჭერით ფორმდება. როგორც დავით ჯაიანმა განაცხადა, საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი სამარშრუტო ქსელის დანერგვისა და რეფორმის სხვა კომპონენტების მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. კერძოდ, ქალაქში ავტობუსების მომსახურების რეფორმების განხორციელება, რაც ავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციასა და გაფართოებას, სატარიფო სისტემის რეფორმას, მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატური სისტემის („AFC“) დანერგვას მოიცავს. ასევე, ქალაქის პოტენციალის გაზრდას მომსახურების დაგეგმვისა და ახალი საჯარო სერვისების ხელშეკრულებების მართვისა და მონიტორინგის კუთხით, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს მიაღწიოს მისაღებ უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს.
დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №54-35 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ცვლილება მცირე მეწარმეებისთვის დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების და ვალდებულებების შესრულების გადავადებას ითვალისწინებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა თბილისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს N37-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებში. კერძოდ, კონკრეტდება ის სუბიექტები, რომლებიც კომისიას პირის/ოჯახის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ცვლილება შედის თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულ, კომისიის მიერ, უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებულ პირთათვის/ოჯახებისათვის ქულათა მინიჭების იმ სისტემაში, რომლის მიხედვითაც რიგითობა განისაზღვრება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებაში ცვლილება, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულებაში ცვლილება გააცნო.