თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. ბიუჯეტის მოცულობა არ შეცვლილა და იგი კვლავ 1 270 531,8 ათას ლარს შეადგენს, თუმცა სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ასიგნებები გადანაწილდა. თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებები მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით ხორციელდება.
დღესვე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარტიის წევრის ცოტნე კობერიძისა და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ვახტანგ სურგულაძის უფლებამოსილება სცნეს. რის შემდეგაც, დეპუტატებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს. ცვლილება წარმატებულ სპორტსმენთათვის ფულადი ჯილდოების გადაცემის წესში შევიდა, რის შედეგადაც გამარტივდა ჯილდოს გაცემის წესი და გაფართოვდა ჯილდოს მიმღებ პირთა წრე.
ცვლილება შევიდა თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაშიც.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს რამდენიმე მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს, რის შემდეგაც სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.