თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს. როგორც ცნობილია,ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, შესაბამისად საკრებულოში მისი უფლებამოსილება შეწყდა.
დღევანდელ სხდომაზევე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი გრანტის საფუძველზე, 216 ათასი ლარით შეივსო.
თბილისის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ხელმძღვანელმა გიგა სოფრომაძემ კი შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, გეგმის მიზანია თბილისის ინკლუზიური განვითარება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამასთან, სამოქმედო გეგმაში, რომელიც 74 აქტივობას მოიცავს, განსაზღვრულია კონცეპტუალური ხედვა, პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები და დასახულია კონკრეტული, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ღონისძიებები.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს მხარი დაუჭირეს. საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. ამ პროექტით 13 ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. ირაკლი თავართქილაძემ დეპუტატებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებიც გააცნო.
დღესვე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხს მხარი დაუჭირეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, საკითხი ეხება „აქსის გრუპის“ პროექტს, რომელსაც 502 დაზარალებული ჰყავს. საკრებულოს სხდომას დაზარალებულები ესწრებოდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ლევან ჟორჟოლიანს საკითხზე აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულებს პროექტის განხორციელების დაწყება მიულოცა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ კომისიების წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება, ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილება გააცნო.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ ჩატარების შესახებ განკარგულების პროექტზე ისაუბრა. კონკურსი, მიზნად სკოლის მოსწავლეების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკის შეფასებას, პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში მოზარდების და საზოგადოების როლის გააზრებას ისახავს.