თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. მისი ინიციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს. საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები შესრულდა 103,1 %-ით - 930 მლნ 239,6 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები შესრულდა 96,3%-ით -1მლნ 080 555,4 ათასი ლარით.
სხდომაზე სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული მარშრუტების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა, რომლებიც ინტეგრირებული სისტემის სამართლებრივ ჩამოყალიბებას ეხება. ასევე, დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ავტობუსის გაჩერებების მდებარეობა იცვლება, ნაწილი უქმდება, გარკვეულ მისამართებზე კი ახალი გაჩერებები დაწესდება. სიახლე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული მოძრაობის ორგანიზების ცვლილებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
გარდა ამისა,საკრებულოს წევრებმა უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზით გადაყვანისას, მგზავრობის ტარიფის (ერთი მიმართულებით 1,0 ლარი) დამტკიცებას, მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცებასა და სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობის უფლების მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები განიხილეს, რომლებიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. საქმე ეხება შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას, რომელსაც შპს ,,ანაგი დეველოპმენტი 1“ და შპს ,,სოლუმ დეველოპმენტი“ განახორციელებენ.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები წარადგინა.
აღნიშნულ საკითხებთან ერთად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები და თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს და მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტებს მხარი დაუჭირეს.