34 ხმით 2-ის წინაღაამდეგ - თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 1 მილიარდ 50 მილიონ 302 ათას 500 ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 021 400 600 ლარი) მიმართებაში 28 901 900 ლარით, ხოლო 2021 წლის თავდაპირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 210 000 000 ლარით გაზრდილია. ბიუჯეტის პროექტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 174 263,8 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება - 194 636,5 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 148 944,1 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 4 164,4 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 39 157,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 136,0 ათასი ლარი;
განათლება - 175 094,0 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 47 355,8 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 4 402,3 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 108 148,4 ათასი ლარი.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე, საკრებულოს წევრებმა თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიშიც მოისმინეს. სხდომა კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მისი განცხადებით, დღეს განვლილი პერიოდის შეჯამება მოხდა და ასევე ის პროექტები განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ მომავალ წელს განხორციელდება. გიორგი ტყემალაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო.
„წლევანდელი წელი სრულიად განსხვავებული იყო ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე. ამ ურთულეს პერიოდში მუნიციპალიტეტმა შეძლო ოპერატიულად მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს.
„დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, გათვალისწინებულია ის პროექტები და თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს და მიმართულებებს. სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი პროექტები ამ სამი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩამოვაყალიბეთ ეფექტური მართვის პოლიტიკა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვა.
მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ურთულესი გამოწვევის პირობებში იმედისმომცემია 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ვფიქრობ, მართლაც განაპირობებს ქალაქის სწორ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი წარმატებით განხორციელდება.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება თბილისის მერის ერთი წლის მუშაობის ანგარიშს, იგი საკრებულოს წევრებს კახა კალაძემ წარუდგინა. დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისზე ზრუნვა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა.
„პირადად ჩემთვის, თითოეული გაკეთებული საქმე, რომელიც თბილისის განვითარებას, თბილისის გალამაზებას, აქ მცხოვრები ადამიანების გახარებას ემსახურება, დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული“- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, თბილისის არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისივე თქმით, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, მუნიციპალიტეტი შეეცადა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. კახა კალაძემ პირველ რიგში, ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც პანდემიით დაზარალებული, შეჭირვებული მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. მან თბილისის საკრებულოს პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულების გადადგმულ ნაბიჯებზე, ავტობუსების პარკის განახლებაზე, მეტროს მოდერნიზაციაზე, საცხოვრებელი ფართების და მიწების დაკანონების პროგრამაზე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემასა და კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროგრამაზეც ისაუბრა. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით განხორციელებული პროექტები ვრცლად მიმოიხილა. თბილისის მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულების კი მან მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.