თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.განცხადებები გაკეთდა როგორც საკრებულოს უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხრიდან.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს. გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება. ესენია: გზების მშენებლობა და აღდგენა; მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა; გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია; კეთილმოწყობის ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება. საკრებულოს წევრებმა განხილვის შემდეგ, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის ზრდას მხარი დაუჭირეს.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული რამდენიმე კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. საკრებულოს წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები წარადგინეს, რის შემდეგაც, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. გარდა აღნიშნული საკითხებისა, ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.