თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 42 მილიონ 204,9 ათასი ლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 270 მილიონ 531, 8 ათასი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მან საკრებულოს წევრებს გაზრდილი ბიუჯეტის სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თანხები ძირითადად სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება.
საკრებულოს წევრებმა თბილისში, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ხელშემწყობი ღონისძიებები იმ კომპანიების მიმართ გამოიყენება, რომლებიც „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს აფინანსებენ.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ამოქმედდება M2 კატეგორიის ავტობუსების ახალი მარშრუტები, ასევე მოხდება გარკვეულ მარშრუტებზე ჩართული ავტობუსების რაოდენობის კორექტირება. სხდომაზე ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში შესატან ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი. საკითხები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები მიიღეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარუდგინა.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტთან დაკავშირებით” ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე იმსჯელეს. საკითხი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წარადგინა.