თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, განცხადებებით გაიხსნა. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები დედაქალაქში ავარიული შენობების საკითხს, სატრანსპორტო რეფორმას, ჯანდაცვის პროგრამებს, უკანონო მშენებლობებს შეეხებოდა.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 86 მილიონ 660 ათასი ლარით გაიზარდა და 1 392 079 ათასი ლარით განისაზღვრა. საკითხი მერის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გაზრდილ ბიუჯეტში გარდამავალი ნაშთი 74 მილიონ 779 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ბიუჯეტი გაიზარდა საერთაშორისო გრანტების და დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ხარჯზე.
საკრებულოს წევრებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათებით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების საკითხი განიხილეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა.
სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომლებმაც „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილება წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, უძრავი ქონების შეძენაზე თანხმობის საკითხი გააცნო წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს. მანვე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გაცვლის ფორმით პრივატიზების, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ასევე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხები წარადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მომღერალ თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა. ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეს მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელი ეწოდა. დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, ქართველი მეცნიერის და გენეტიკოსის, გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდის (ე.წ. დნმ-ის ტესტი) აღმომჩენის აპოლონ ჯინჭარაძის სახელი მიენიჭა. ვაკის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელი ეწოდა. ასევე, ვაკის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას კომპოზიტორ ავთანდილ შარვაძის სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრებმა ასევე რამდენიმე ჩიხისა და შესახვევის სახელდებას დაუჭირეს მხარი.