თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებები გაკეთდა როგორც საკრებულოს უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 41 017,5 ათასი ლარით იზრდება და სულ 1 435 751, 0 ათას ლარს შეადგენს.
ამასთან, თბილისის ბიუჯეტს ემატება ახალი ქვეპროგრამა - მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, რომელზეც ინფორმაცია საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა გააცნო. სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული საცხოვრისების მომსახურების დაფინანსება არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით.
ასევე გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებებით უზრუნველყოფა: ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა,ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო და არაფორმალური განათლების დონის ამაღლება, ბენეფიციარის პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა. ქვეპროგრამის მოსარგებლედ პირის აღიარების გადაწყვეტილებას იღებს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების 40 სააგენტოს“ რეგიონული საბჭო. ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს თვეში 500 ლარს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები წარადგინა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელზე ადრე, თუკი თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებით გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ. მანვე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებები გააცნო საკრებულოს წევრებს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. წარმოდგენილ საკითხებს შორის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახისთვის სოფელ თხინვალაში სამოსახლო ტერიტორიის გადაცემის საკითხი იყო.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა. პროექტის თანახმად, სააგენტოს სამი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახური ემატება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კოდექსს დაემატა მუხლი სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოების თაობაზე. აღნიშნულმა, განაპირობა სათანადო ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა კი დედაქალაქში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებზე ისაუბრა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”, ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები, ასევე სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს.