თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
ცვლილების თანახმად, ყველა ქვეზონაში დაშვებულ სახეობას წარმოადგენს ავტობუსის გაჩერებისთვის ან სპეციალური დაცული სადგომისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ წარმოადგინა ინფორმაცია.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, მოქმედების ვადის, ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ კი თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.