ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ 2023-2024 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში კომისიებში დასწრებისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 14 სხდომა, მიღებული იქნა 113 დადგენილება, 675 განკარგულება. დეპუტატი 13 სხდომას დაესწრო.
ანგარიშის წარდგენისას ნათია მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის" წევრად მუშაობის პროცესსა და პასუხისმგებლობებზე. კომისიის 63 სხდომიდან იგი დაესწრო 27 სხდომას, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტი საკითხის განხილვაში და განხილვისას 1400-მდე მოქალაქეს მოუსმინა.
საკრებულოს დეპუტატმა პრეზენტაციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში მის მიერ მხარდაჭერილი საკითხების განხილვას დაუთმო და აღნიშნა, რომ წლიური ბიუჯეტის 99%-ის ათვისება მოხდა, რაც განხილული და დაფინანსებული საკითხების აქტუალურობაზე მეტყველებს. მისი თქმით, აღნიშნულმა კომისიამ საანგარიშო პერიოდში ორგანიზება გაუწია 13 სხდომის ჩატარებას, მათგან დეპუტატის ჩართულობით ჩატარდა 12 სხდომა და განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ნათია მოდებაძემ ანგარიშის წარდგენისას მსმენელს კომისიის მიერ განხილულ და მხარდაჭერილ თითქმის ყველა პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ხაზგასმით ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებზე ესაუბრა, როგორიცაა დაავადებათა სკრინინგების პროგრამა, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში 339 ბენეფიციარმა ისარგებლა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა და ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 2100 ბენეფიციარი და ამით ამოწურულია მკურნალობის მომლოდინე რეჟიმში მყოფი ბავშვების რიგი;
დეპეტატმა ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია და შესაბამისად პროცედურა მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას ემსახურება. აღნიშნული პროგრამით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის კომპონენტში 77 შემთხვევა, ხოლო ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტში 3 შემთხვევა დაფინანსდა. საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე აგრეთვე ისაუბრა განათლებისა და კულტურის კომისიაში მუშაობის შესახებ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დეპუტატი ყველა ჩატარებულ სხდომას დაესწრო და 20 საკითხი განიხილა.
ნათია მოდებაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და სტუდენტური პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებში ახალგაზრდული პროექტები დაფინანსდა, ასევე, კულტურულ ობიექტებზე გაწეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტით გაგრძელდა თბილისის რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება და ყველა ის პროგრამა, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტმა გასულ წლებში მხარი დაუჭირა.
საკრებულოს დეპუტატის ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.