თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. ანგარიში საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ გააცნო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, აღმზრდელ პედაგოგებს იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.
„სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, განათლებული და თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე თაობის აღზრდა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და საზრუნავია. ამაზე მეტყველებს ის უდიდესი შრომა და ფინანსური რესურსი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობას, რეაბილიტაციას, პროგრამულ განახლებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათანამედროვებას, კვებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას და ბაღის თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებას ხმარდება.
ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბაღების ხარისხიანი მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამ საქმეში ლომის წილი აღმზრდელ პედაგოგებს მიუძღვით. პირველ რიგში მათი მაღალი პროფესიონალიზმის და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა ბაღების მუშაობაში მიღწეული პროგრესი და ის ფაქტი, რომ დღეს მოსახლეობაში საჯარო ბაგა-ბაღებზე უდიდესი მოთხოვნაა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას, რომლებიც ჩვენი შვილების სკოლამდელი განათლების დახვეწასა და განვითარებას მოემსახურება", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე. მათ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას, ბაღების დირექტორებს და აღმზრდელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელი მნიშვნელოვანი იყო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, რადგან თბილისში გაიხსნა ხუთი ახალი საბავშვო ბაღი ისნის, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში. ასევე აღსაზრდელების ახალი ნაკადი მიიღო იმ ორმა ბაღმა დიდუბისა და კრწანისის რაიონებში, რომლებსაც მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც ალტერნატიულ ფართებში განთავსებული კონტინგენტი განახლებულ შენობებში დაბრუნდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, რაიონების გამგებლები, აკადემიური წრეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები.