თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ომარ მხეიძისა და ქეთევან კიკნაძის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხი განიხილეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის N27-ში 2005-2023 წლებში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ომარ მხეიძე.
1953 წლიდან ომარ მხეიძე საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი იყო. მას სხვადასხვა წელს მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი", „ქართული კულტურის ამაგდარი", „ქართული კულტურის რაინდი", „საუკუნის მოცეკვავე". ომარ მხეიძეს მინიჭებული აქვს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის საპატიო მოქალაქის წოდებები.
სახალხო არტისტი ქეთევან კიკნაძე 1987-2024 წლებში ქ. თბილისში, პაოლო იაშვილის N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრობდა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ქეთევან კიკნაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, არის ღირსების ორდენის კავალერი. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში, იგი ასევე მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა 2024 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში. კომისიის წევრებმა ომარ მხეიძისა და ქეთევან კიკნაძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიაში გადაიგზავნება განსახილველად.
დღესვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, წარადგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის, განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს.