დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკრებულოს წევრობის კანდიდატების- გულია გოცირიძის, ქეთევან მამულაშვილისა და ირაკლი ქადაგიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებს გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა, რომლის განცხადებითაც, 2016 წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ მაჟორიტარული სისტემით არჩეულ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს: ნინო გოგუაძეს, ირაკლი აბუსერიძეს და ბექა ნაცვლიშვილს.
მისივე განმარტებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მომართვის თანახმად, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. შესაბამისად, დეპუტატებმა კრწანისის რაიონში ქეთევან მამულაშვილის, გლდანის რაიონში გულია გოცირიძის და ისნის რაიონში ირაკლი ქადაგიძის კანდიდატურების უფლებამოსილების მინიჭების საკითხს დაუჭირეს მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საკითხი დეპუტატებს მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა გააცნო, რომლის განმარტებითაც, აღნიშნული ცვლილება განახლებული აღმაშენებლის გამზირის ნაწილის საფეხმავლო ქუჩად გადაკეთებამ გამოიწვია.
დეპუტატებმა ასევე კრწანისის რაიონში, კერძოდ ოქროყანას დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს დაუჭირეს მხარი. საკითხი თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთობლივად წარმოადგინეს, რომლის თანახმადაც საპროექტო ტერიტორიაზე სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენება იგეგმება. მათი განცხადებით, ტერიტორიის 95 % სარეკრეაციო ზონას, ხოლო 5% ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს.
სხდომის მონაწილეებმა ასევე საერთაშორისო ასოციაციას (AIMF), თბილისის მერიასა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს შორის ფინანსური მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებაც იმსჯელეს.
განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის დავით ტალახაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისათვის რესტავრატორთა გადამზადების მიზნით, მუშავდება ,,საველე სკოლის პროექტი“, რომლის ხარჯების 70 %-ს საერთაშორისო ასოციაცია (AIMF), ხოლო 30 %-ს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი გაიღებენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხებს.
დღესვე, სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების საკითხებსაც დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას საკრებულოს წევრების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.