დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც უმრავლესობის წევრის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სამედიცინო პერსონალისა და თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის მადლობით გაიხსნა. მედიცინის მუშაკებსა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს მადლობა დეპუტატებმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში თავდაუზოგავი შრომისა და მოქალაქეებზე ზრუნვისთვის გადაუხადეს, რის შემდეგაც სხდომა განცხადებების ფორმატში გაგრძელდა.
ოპოზიციამ მეტროპოლიტენში კაბელებისა და სავენტელაციო სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მათი განცხადებით, მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ოპოზიციის განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა უპასუხა. მისი განცხადებით, მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამოცდილმა თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ქვემოიჯარედ პროდუქტის გარკვეულ მოწოდებაზე ის კომპანიები შეარჩია, რომლებიც დღეს განსჯის საგანი გახდა.
განცხადებების შემდეგ, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყო.
სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა საკრებულოს წევრებს მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის და ინტეგრირებული ავტომატიზებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შესამუშავებლად გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძე კი საკრებულოს წევრებს ის ცვლილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს“ ენიჭება.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა კატეგორიის აბონენტთათვის დასუფთავების მოსაკრებელის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ საკითხი წარადგინა. კერძოდ, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები - დაახლოებით 9300-ზე მეტი აბონენტი - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ღია კაფის მოწყობის მიზნით გაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ისაუბრა. ამ გადაწყვეტილებით, ღია კაფის მოწყობის მიზნით გაცემული მიწის ნაკვეთების დაახლოებით 150 მოიჯარე და ქვემოიჯარე, საიჯარო ქირის გადახდისგან, წლის ბოლომდე გათავისუფლდება. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაახლოებით 500 მოსარგებლე, 3 თვის განმავლობაში, სარგებლობის ქირის გადასახადისგან გათავისუფლდება.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ორი დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, შპს „იქსორი თამარაშვილიზე“-თვის და შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-ისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა წარადგინა საკითხი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე პირთა წრე იზრდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი მოიხსნა მრავალშვილიან ოჯახებისა და განსაზღვრული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის. ამ სერვისით აქამდე უკვე სარგებლოდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა დედ-მამიშვილები, ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სსიპ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ზონების ცვლილებები, ასევე რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები წარადგინა.
საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა კი თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების საკითხებზე ისაუბრა, რომელსაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.