თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა 51-ე სკოლის გარდაცვლილ მოსწავლეებს პატივი მიაგეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ წარმოადგინა.
ირაკლი ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მერიის სტრუქტურული ერთეულების და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნებისა და პროგრამების ფარგლებში მიღებული ეკონომიის გადანაწილების შესახებ მიღებული წინადადების გათვალისწინებით განხორციელდა.
მისივე თქმით, ეკონომია ასევე მიღებულია ბიუჯეტში წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თანხის მატება ძირითადად ინფრასტრუქტურული და ჯანმრთელობის დაცვის პროექტებზეა გათვალისწინებული.
დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, რეგლამენტში არსებული სახელწოდება - მაჟორიტარის ოფისი მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლობით შეიცვლება. თანამშრომლების შერჩევა კი ღია და გამჭვირვალე კონკურსით მოხდება.
მისივე თქმით აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის პრობლემების კიდევ უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოგვარების, ასევე თბილისელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ორ კომისიაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებების დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდა, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას ტრანსპორტის თემები გამოეყო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიად ჩამოყალიბდა.
დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თედო ისაკაძის, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ლევან ჟორჟოლიანის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომაზე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არქიტექტურის სამსახურის და სსიპ ”ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” რეორგანიზაციის თაობაზე იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს.
აღნიშნული საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომამდე შესაბამის კომისიებში განხორცილდა.