თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე დეტალურად იმსჯელეს კრწანისის, ვაკის, ისნის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი უბნის განაშენიანების, მრავალფუნქციური კომპლექსის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტებზე, რომლებიც სხდომის მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო. სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების განხილვაც განხორციელდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილ წერილებს გაეცნენ.
კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, გაცვლის უფლებითა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ განხილული საკითხებიც განიხილეს, რომლებიც დედაქალაქში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერის სახელდების საკითხებს ეხებოდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა სხდომამდე შესაბამის კომისიებში განხორციელდა.