თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, რომლის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“-ს ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, ერთიანი საქართველოს პირველი ქალი მეფის - თამარ მეფის სახელი მიენიჭება. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ ინიციტივას მხარი დაუჭირეს და გადაწყვეტილება ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერებით დაადასტურეს.
ამის შემდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს. სხდომა დეპუტატების წინადადებებითა და განცხადებებით გაიხსნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - “თბილისი“ ჩატარების შესახებ საკითხზე მსჯელობით დაიწყო.
დეპუტატებს აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიაწოდა, ხოლო განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების კითხვებს უპასუხა.
რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და დაამტკიცეს თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი, ასევე მიიღეს თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამისა და აბრების განთავსების სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების პროექტი.
მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი წარსდგა. ისაუბრა C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების წესზე, ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასა და სხვა პროგრამებზე, მათში შესატან ცვლილებებზე, რის შემდეგაც დეპუტატებმა აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
რიგგარეშე სხდომაზე ასევე კენჭი უყარეს და მიიღეს ნარჩენების მართვის კოდექსის რამდენიმე მუხლში ცვლილებების შეტანის, „თბილსერვისჯგუფის“ კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები, რომლებიც მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგებლებმა წარმოადგინეს. მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს დასამტკიცებლად ცხრა საკითხი წარუდგინა და თითოეული მათგანის შესახებ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.