თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც ხეების სიჯანსაღის შენარჩუნებასა და მათი მდგრადობის ამაღლებას უწყობს ხელს.
სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საკითხები, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენას, ასევე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა კომპლექსური სპორტული ცენტრების შექმნას შეეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა საბაგირო გზით ,,რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებაც იმსჯელეს. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ განმარტა, ფასდაკლება იმ კატეგორიის ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობენ.
აღნიშნულ საკითხებთან ერთად, დეპუტატებმა დედაქალაქში განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები, გეგმარებითი დავალებები და კორექტირებული პროექტები განიხილეს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გატანილი ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
სხდომას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.