თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კახაბერ გულედანის კანდიდატურა დაამტკიცეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესში ცვლილება დაამტკიცეს. ცვლილების თანახმად, სარეიტინგო ქულა, რომელიც განსაზღვრული იყო 70 ათასით და ქვევით, 150 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდა გახდება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ 300 ათასი ლარი გამოიყო.
ამასთან, ცვლილება შედის არა სოციალურად დაუცველი სტუდენტების წახალისების წესშიც, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, თბილისში არიან რეგისტრირებულნი, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობენ და ყველა საგანში, მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან ( 91 დან 100 ქულამდე აკადემიური მოსწრება) სწავლების გადასახადის ნაწილი დაუფინანსდებათ. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა. დეპუტატებმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და შპს „ალმას“ მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას მხარი დაუჭირეს. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, აღნიშნული ღონისძიებებისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იქნა მოძიებული.
გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და რამდენიმე მისამართზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.