თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და მერიის სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი არეშიძეს მოუსმინეს.
გიორგი არეშიძემ დეპუტატებს არასამეწარმეო იურიდიული პირის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი - 2015'' -ის საორგანიზაციო კომიტეტის ლიკვიდაციის შესახებ საკითხი წარუდგინა, რის შემდეგაც დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ საკრებულოს დეპუტატებს განსახილველად რამდენიმე საკითხი წარუდგინა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩას, ჩიხსა და შესახვევს ახალი სახელები მიენიჭათ.
აღნიშნული საკითხების განხილვა სხდომამდე საკრებულოს შესაბამის კომისიებში განხორციელდა.
საკრებულოს სხდომაზე ყველა წარმოდგენილ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.