36 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა დაამტკიცეს. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ჩატარდა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა დაიწყეს.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს და ურბანული განვითარების სამსახურის რეორგანიზაციაზე იმსჯელეს და საკითხი დაამტკიცეს. გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. ცვლილების თანახმად, დედაქალაქში დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების დამატება იგეგმება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სპეციალური საპარკინგე ადგილები ელექტრო თვითმგორავებისთვისაც გამოიყოფა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, შპს „იქსორი ქავთარაძეზე“-სთვის ხელშემწყობი ღონისძიებები შეათანხმეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები დაამტკიცეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებში ცვლილებები შეიტანეს. ცვლილებების თანახმად, ერთჯერადად, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე დასაქმებული პირები შრომით ანაზღაურებას მიიღებენ. დღესვე დეპუტატებმა დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი.
საკითხები საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.