დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 36 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, ზვიად ნაზღაიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხის განხილვა, რომელიც დეპუტატებს საკრებულოს წევრებმა ხათუნა სამნიძემ და მარინა დათუკიშვილმა წარუდგინეს, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბოლოო კენჭისყრის შედეგად საკითხი ოცდაცხრა ხმით ცამეტის წინააღმდეგ ვერ დამტკიცდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც განიხილეს, რომელიც ოცდაშვიდი ხმით თხუთმეტის წინააღმდეგ ასევე ვერ გავიდა.
დღესვე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ზემოთ ნახსენებ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შექმნის, მისი შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის საკითხს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, აღნიშნული საბჭო 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების საკითხებზე იმუშავებს.
სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 17 მილიონ 661.9 ათასი ლარით იზრდება, რომლის ძირითადი ნაწილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობას, დიდუბის რაიონში კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებს, მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობასა და გამწვანების ღონისძიებებს მოხმარდება. თალაკვაძის განცხადებით, დაფინანსება ასევე გაიზრდება სპორტული და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვილებების შეტანის, ასევე ქალაქ თბილისის №9 საჯარო სკოლისთვის ნოდარ ახალკაცის სახელის მინიჭებისა და სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების საკითხებს. საკრებულოს სხდომას, რომელსაც თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დეპუტატებს შესაბამისი საკითხები წარუდგინეს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესებში, ასევე თბილისის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მის წესდებაში შესატან ცვლილებებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილების შეტანისა და თბილისში ქუჩების სახელდების საკითხებსაც.
დღესვე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ საკრებულოს წევრებს ცნობის სახით 6 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, რომელიც 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემებრამდე პერიოდს მოიცავდა. მისი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ 15 ორგანიზაციის სარევიზიო შემოწმება განახორციელა.
სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, თბილისის მერიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.