თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოუდგინა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #33-92 დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებას მიეცა თანხმობა, რომელიც საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილების თანახმად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმის კორექტირება მოხდა.
კერძოდ, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, ქვეპროგრამის მოსარგებლედ ამავე ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები განისაზღვრა.
მათ შორის ის პირებიც მოიაზრებიან, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტში.
ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მოხდა ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის ლიმიტირებაც (თვეში 700 ბენეფიციარი).
სხდომაზე დეპუტატებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადაგენილებაში“ და ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-61 დადგენილებაში“ ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რამდენიმე ფიზიკური პირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე განაცხადეს თანხმობა.
სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხებს უყარეს კენჭი, რომლის შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ მიაწოდა.
ამავე სხდომაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ საკრებულოს წევრებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, გლდანის, ისნისა და სამგორის რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმისა დაგეგმარებითი დავალებების პროექტები წარუდგინა.
საკრებულოს სხდომას მერიისა შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.