თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 42 საკითხი განიხილეს.
სხდომას მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი ხელაია ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს 2015 წლის თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 44 მილიონ 732 ათასი ლარით გაიზარდა, რომლის ძირითადი ნაწილი 13 -14 ივნისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს, დაზარალებული მოსახლეობის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015" ორგანიზებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მოხმარდება.
აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
დღესვე დეპუტატებმა მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმა დაამტკიცეს.
ასევე განიხილეს და თანხმობა მისცეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის: თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დროებით სარგებლობაში გადაცემას, შემდგომში ეკლესიის მშენებლობის მიზნით, საქართველოს სამხედრო გზის მე-12-ე კილომეტრზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას და შ.პ.ს. "ჰერმესის" კაპიტალის გაზრდას.
საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელების მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხები სხდომამდე შესაბამის კომისიებში განიხილებოდა.