თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 26 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მერიის შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის წესის დამტკიცებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. აღნიშნული პროექტი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თვითრეალიზაციისკენ მიმართულ პროექტების დაფინანსებას.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად დაფინანსების პროგრამისა და განხორციელების წესის დამტკიცებას ეხებოდა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის’’ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრებს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა წარმოუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, მნიშვნელობაზე, მის ფუნქციებსა და სტრუქტურაზე და ამასთან აღნიშნა, რომ ცენტრის მიზანი თბილისში მეწარმეობის განვითარების და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაა.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საკრებულოს დეპუტატებმაც წარმოადგინეს და საკითხს ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის’’ დაფუძნების შესახებ ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკრებულოს 6 კომისიის დასკვნის საფუძველზე თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივას შპს ლანცეტის’’ პირგასამტეხლოსგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. ასევე პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებაზე თანხმობა სს ,,თელასს’’ მიეცა.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ თანხმობა განცხადა შპს ,,სინათლის ქალაქის’’ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში’’ პროექტის ფარგლებში აშენებული სახლების ბენეფიციარებისთვის თხოვების ფორმით გადაცემას.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხებს ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის და მასში ცვლილებების შეთანხმებას ეხებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.