თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი განიხილეს.
საკრებულოს წევრებს თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ქალაქის მერმა წარმოუდგინა და მომავალ წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1,031,500 ლარით გაიზარდა და 801,302,000 ლარი შეადგინა.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებად კვლავ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება რჩება.
ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა. 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 6.8 მლნ. ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).
დავით ნარმანიამ კიდევ ერთ პრიორიტეტზე, გამწვანების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მილიონიანი ზრდაა, რაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში არ შეცვლილა.
ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის თანახმად, უცვლელია განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში განსაზღვრული თანხაც და აღნიშნული მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ. ლარზე მეტი ზრდაა.
გარდა ამისა, 2017 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2,019,000 ლარი განისაზღვრა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ამასთან, დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ. ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორებიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია.
ასევე, დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, პუშკინის N19 და ყავლაშვილის N5-N7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია, აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე N11 და N39 სახლების რეაბილიტაცია.
საკუთარ გამოსვლაში დედაქალაქის მერი კომუნალური ვაუჩერების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა კომუნალური ვაუჩერების მიმართულებითაც გაზრდილია.
კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად, ჩაერიცხებათ 20 ლარი.
მისივე თქმით, 2017 წელს დასრულდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც, კერძოდ, დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება, რისთვისაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში დამატებით 2,3 მლნ. ლარია განსაზღვრული.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები , რამაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 22,3 მლნ. ლარი შეადგინა.
დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებსა და წინადადებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად შეძლებისდაგვარად იყო გათვალისწინებული.
საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების დასმულ შეკითხვებს დედაქალაქის მერმა დეტალური პასუხები გასცა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ასევე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და დედაქალაქის რიონების გამგებლები ესწრებოდნენ.