თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოუდგინა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების, ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანას.
დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
დადებითად შეფასდა საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ საკითხებს დაუჭირეს მხარი და ამასთან, დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას წმინდა მოწამე მეფე აშოტ კურაპალატის, ასევე ისნის რაიონში ორ უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ემზარ სულაქველიძის და ვალერი უტიაშვილის სახელები დაერქვა.
დადებითად შეფასდა საკითხები ისნის რაიონში უსახელო სკვერისთვის და ამავე რაიონში მდებარე უსახელო სკვერისა და სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების- ვალერი უტიაშვილის და ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დადებითად გადაწყდა საკითხი საბურთალოს რაიონში დემეტრე თავდადებულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, მათთან არსებული ჩიხებისა და გასასველებისთვის ინჟინრის ნიკოლოზ სვანიშვილისა და კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სახელის დარქმევის თაობაზეც.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.